Sunday 7 November 2010

კანიბალის ბიბლია











მეგობარი როცა შემოგაკვდეს და მისგან ეგზოკერძი მოამზადო
თქვი: ამინ!
და არ აკლდეს ქინძი და რეჰანი და მარილი გემოვნებით არ აკლდეს და
ასდიოდეს ცხელი ორთქლი და ორთქლი იყოს, როგორც კუპრი,
თქვი: ამინ!
დაპატიჟო ჯერ კიდევ შემოუკვდომელი მეგობრები
და გიახლონ და თქვან: `კარგია~
თქვი: ამინ!
და სიზმარი ნახო დანაყრებულზე,
სადაც მკვდარი მეგობარი შემოგაცოცხლდეს
და გცემდეს და გცემდეს დანას მკერდში
და იძახდეს: ამინ და ამინ,
თქვი: ამინ!
გულმოსულმა დახოცო შენი სიზმრის სცენარისტები
და ახალი კერძი გაამზადო,
რათა მიაგო მისაგები და მიიღო მისაღები,
თქვი: ამინ!
და დადგეს ეგზისტენციური კრიზისი და გაჩნდეს სინანული
და სინანული იყოს ხანგრძლივი და ხანგრძლივი იყოს სინანული,
როგორც ფრანგული კოცნა,
თქვი: ამინ!
და განაგდო სინანული, როგორც განაგდო კატა კარს მიღმა
და ახლა უკვე კატისადმი სინანული გაჩნდეს,
გაიზარდოს და მომძლავრდეს და გარემოგიცვას,
თქვი: ამინ!
და მოიჭრა სხეულის ის ნაწილი, რომელიც ნანობს
და მოიჭრა სხეულის სხვა ნაწილიც, რომელიც ასევე ნანობს
და მოიჭრა დარჩენილი ნაწილიც, რომელიც ჯიუტად ნანობს
და აღარ დაგრჩეს სხეულის არცერთი ნაწილი
და იყო სული ცარიელი
და იყო მშვიდი
და იყო მკვდარი,
ძალიან მკვდარი,
თქვი: ამინ!

No comments:

Post a Comment